გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
მინდია გულუა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემიძლია საქართველოს გაერთიანება
03/07/12 10:26
"ივერონის" რუბრიკა "ინტერვიუს" სტუმარია პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ბატონი მინდია გულუა.
- მოგესალმებით, ბატონო მინდია, გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დავიწყოთ საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხით - როგორ შეაფასებთ აწ უკვე ყოფილი შს მინიტრის ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას. როგორ ფიქრობთ, ეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის წინაპირობაა, თუ ნაციონალური მოძრაობის სატყუარა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს საკადრო ცვლილება?
-მოგესალმებით. დღევანდელ მთავრობას დღეს არც ვანო მერაბიშვილი უშველის და არც ვინმე სხვა. ვანო მერაბიშვილი იყო პოლიციელი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ხელში ჩაგდებული - სისტემატურად კანონს არღვევდა, უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს დაჭერილი, ეს აზრი საზოგადოებაში დიდი ხანია მუსირებდა. ვერ გეტყვით, კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არა. როგორც მენეჯერმა მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ პოლიტიზებული პოლიცია შექმნა. რაც შეეხება მის გაპრემიერებას, ვფიქრობ, სააკაშვილს შეეშინდა – მერაბიშვილი ივანიშვილთან არ შესულიყო ალიანსში და აქედან გამომდინარე, მისი პოზიციები შეარყია.
-დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სკამი ვაკანტურია. ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიასაც ასახელებენ. პირველ რიგში როგორ შეფასებთ მის კანდიდატურას და შესაძლებლობებს შს მინისტრის თანამდებობაზე?
-ბაჩო ახალაია თუ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრად (რასაც მე პირადად კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ) ვფიქრობ, ის პირველ რიგში მერაბიშვილის ხალხის დაჭერას დაიწყებს, მინიმუმ მის კადრებს თანამდებობიდან გაათავისუფლებს, რადგან მერაბიშვილს საბოლოოდ გამოაცალოს ზეგავლენა პოლიციაზე. ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ერთ ქვაბში არ იხარშებიან. ბაჩოს თავისი ჯგუფი ჰყავს და შესაბამისად, საკუთარი ჯგუფის გაძლიერებას ეცდება. ამიტომაც არ მგონია სააკაშვილმა ერთი არაპოპულარული ფიგურა მოიშოროს და მეორეთი ჩაანაცვლოს. ვფიქრობ, უფრო სუსტ ფიგურას დანიშნავენ, რომ უფრო მარტივად მართვადი იყოს.
-საზოგადოებისთვის ცნობილია თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ახალაიების ოჯახისადმი. თუ ბაჩო ახალაია დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება თქვენი საქართველოში ჩამოსვლის პერსპექტივა?
-ჩემი საქართველოში ჩამოსვლა აგვისტოს თვეში გადაწყდება. შინაგან საქმეთა მინისტრი ახალაია იქნება თუ ვინმე სხვა, მე საქართველოში აგვისტოში გესტუმრებით.
-ეს ხმამაღალი განაცხადია - რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
-ის პოზიციები, რომელიც მე მაქვს და ის მოქმედებები რომელსაც მე ვახორციელებ. ვფიქრობ, ჩემი პიროვნული პოზიციები თვის ბოლომდე გაძლიერდება.
- რაც შეეხება თქვენს სახელთან ასოცირებულ პარტიას "განახლებული საქართველოსთვის", "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით დღემდე არც კოალიციის შექმნაზე ზრუნავს და შეიძლება ითქვას, აქტიურობითაც დიდად არ გამოირჩევა. არადა, არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. როგორ ფიქრობთ, ამ ტემპებით თქვენ შეძლებთ საარჩევნო ბარიერის გადალახვას?
-ჩვენ ჯერჯერობით მთელი საქართველოს მასშტაბით ოფისები გავხსენით. თუმცა პარტია აქტიურად შეგნებულად არ მუშაობს. იგი ერთ ადამიანზეა დაყრდნობილი და ეს ადამიანი მინდია გულუაა. აქედან გამომდინარე, მე უნდა გავაძლიერო პარტია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ფაზამდე მისულები, რომ აქტიურობა დავიწყო – ისე როგორც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. ჩვენ სამარშუტო ტაქსების გადააგილების საშუალებასაც არ გვაძლევენ. 12 მაისის აქციაზე დამონტაჟებული ტელე-ეკრანიც წაგვართვეს. შუქი გაგვითიშეს. ბიძინა ივანიშვილს კი ბრონირებულ სცენას ამონტაჟებინებენ. მერაბიშვილი და ივანიშვილი, როგორ იყვნენ ჩახუტებულები, მთელმა საქართველომ იცის. სწორედ ვანო შუამავლობდა სააკაშვილს ივანიშვილთან. ალბათ სწორედ ამ დროს მოახერხა ივანიშვილმა მერაბიშვილთან თავისი პოზიციების გამაგრება.
- არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლები რჩება. ხომ არ გვიანდება თქვენი პარტიის აქტიურობა?

-არჩევნების მოგება ერთ თვეშიც შეიძლება, თუ ძალიან კარგად და აქტიურად მოემზადე ამისთვის. მთავარია პარტია რას გააკეთებს. ახლა უნდა შევაგროვოთ 25 ათასი ხელმოწერა. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება. დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ შევაგროვებთ ხელმოწერებს და წარვუდგენთ ცესკოს. ის, რომ პარტია არ აქტიურობს, ამას თავისი სტრატეგია აქვს. იაქტიურონ სხვებმა, მაგალითად ივანიშვილმა. ვნახოთ ფინალში რა მოხდება.

-ბატონო მინდია, მმართველი გუნდი და ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ცდილობს წარმოგაჩინოთ, როგორც რუსეთის მიერ მართვადი პოლიტიკოსი. საუბრობენ იმაზეც, რომ ხელისუფლება თქვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გიყენებთ. რეალურად ვის თამაშს თამაშობს მინდია გულუა?
-მინდია გულუა საქართველოს თამაშს თამაშობს. მე მინდა მშვიდობიანი გზით გავაერთიანო საქართველო. ის, რისი დანგრევაც დაიწყო შევარდნაძემ და განაგრძო სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა, იმის აშენების პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩემს თავზე. ვინაიდან საქართველოში 20 წლის მანძილზე არ გამოჩნდა აქტიური და გავლენიანი მოღვაწე, რომელიც საქართველოს გააერთიანებს. მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას და ვაცხადებ, რომ სწორედ მე შემიძლია ეს გავაკეთო, სწორედ მე ვარ ის პიროვნება, რომელიც მშვიდობიანი გზით გააერთიანებს Сакартвелос.. რუსეთის ხელისუფლებასთან ჩემი ნორმალური ურთიერთობა მაძლევს ამის თქმის საშუალებას. მე არავისი კაცი არ ვარ, ეს ყველამ იცის, მაგრამ ოპონენტები ცდილობენ მომაკერონ ეს იარლიყი.
თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება ჩემი სიცოცხლე, მე არაერთხელ მითქვამს და დამიმტკიცებია, რომ მზად ვარ ქვეყნის ინტერესებს სიცოცხლეც შევწირო.
- ბატონო მინდია საინტერესოა, რატომ არ შეიძლება თქვენი და ბატონი ბიძინას ალიანსი შედგეს. საერთოდ, შესაძლოა თუ არა ორი მილიარდერის გზები გადაიკვეთოს?
- ბატონ ბიძინას უნდა ნატოში საქართველოს გაწევრიანება, არც მე ვარ ნატოს წინააღმდეგი, მაგრამ ჯერ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, რადგან ნატოში გაწევრიანების შემდეგ ამის შანსი აღარ გვექნება. აგვისტოს ომმა კარგად დაგვანახა, რომ რუსეთს ჩვენს გამო დასავლეთში არავინ დაუპირისპირდება. მეორე საკითხი -ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორები არიან. ვინც მასთან იყო, ყველამ ცუდად დაამთავრა, ისინი ან ციხეში ჩასვეს, ან მოკლეს. პირადული არაფერი არ მაქვს მასთან, არც ვიცნობ პირადად, თუმცა არ ვთვლი, რომ ამით რამე დამიკარგავს. ჩემთვის მისი მუშაობის სტილიც მიუღებელია. ის ავტოკრატი და მომავალი დიქტატორია. ჩემი დისშვილის პანაშვიდზე კოალიციის არცერთი წევრი არ გამოუშვა, საუბარია ჩემს დიდი ხნის ნაცნობებზე და მეგობრებზე, ვინც დღეს მასთან არიან. დიახ, ივანიშვილი იქნება დიქტატორი, თუმცა, შედარებით უფრო სუსტი.
-"ვედომოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თქვენ მილიარდ ნახევრის ინვესტირებას აპირებთ. ამ ინფორმაციამ გაფანტა ეჭვები იმის თაობაზე, რომ მილიადერობას იბრალებდით და ეს მხოლოდ პოლიტიკური ბატალიებისთვის გჭირდებოდათ. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში დაადასტურეთ, რომ ხართ ოფიციალური მილიარდერი. ცოტა უხერხული კითხვაა, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს, რამდენს შეადგენს რეალურად თქვენი კაპიტალი. და რუსეთის გარდა, სად ფლობთ კიდევ ბიზნესებს?
-მე შევპირდი საქართველოს მოსახლეობას, რომ ივლისის ბოლოსთვის ამ ინფორმაციას განვასაჯაროებ. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ თანხის რაოდენობა რაიმეს განმსაზღვრელია.
-ბატონო მინდია, იქნებ დღეს გაგვიმხილოთ ეს ინფორმაცია?
-გეტყვით ექსკლუზიურად. თუ ბატონი ბიძინას კაპიტალი 5 მილიარდზე მეტს არ შეადგენს, მე მასზე მეტი ქონება ნამდვილად მაქვს.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენდამი რწმუნებულმა კომპანიებმა თბილისში, რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი შეიძინეს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? და კიდევ: აპირებთ თუ არა განაგრძოთ სტრატეგიული ობიექტების შეძენა საქართველოში?
-ამ ინფორმაციას გიდასტურებთ. სტრატეგიული ობიექტები თვის ბოლომე იქნება შეძენილი. წყლის კომპანიასთან უკვე მოგვარებულია საკითხი - ხელმოწერა დაგვრჩა მხოლოდ. საქართველოდან ხალხი გარბის. ინვესტიციას არავინ დებს. არ მინდა სტრატეგიული ობიექტები ვინმე სხვას ჩაუვარდეს ხელში. მინდა ეს ქონება ქართველებს ეკუთვნოდეს და ამიტომაც გამოვყავი სხვადასხვა ობიექტებისთვის ერთი მილიარდი დოლარი.
-ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში თქვენ ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას დაიკავებთ, რაც ცხადია გარკვეული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. გარდა რუსეთისა, ჯდება თუ არა მინდია გულუა ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესებში?
-მე ვიწყებ საერთაშორისო ტურნეს, რომელსაც რა თქმა უნდა ჟურნალისტებიც დაესწრებიან. მაშინ თავად მედია განსაზღვრავს, ვის უჭერს საერთაშორისო საზოგადოება მხარს, სააკაშვილს, მერაბიშვილს, ივანიშვილს თუ მინდია გულუას. და ბოლოს: ერთს ვეტყვი ქართველ ხალხს - ცოტა მოითმინეთ, მე მოვდივარ!


ესაუბრა: ეკა წივწივაძე



ამინდის პროგნოზი
თბილისი
img
16 - 28 °C
ქუთაისი
img
22 - 36 °C
ბათუმი
img
21 - 32 °C
ზუგდიდი
img
20 - 37 °C
ვალუტის კურსი
EUR
EUR
Up
2.1077
USD
USD
Up
1.6348
RUB
RUB
Up
0.0519