გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
მასის მაილიანი: "ყარაბაღში ომის დაწყებას საერთაშორისო აღიარება შეაჩერებს"
15/03/12 12:08
მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე მასის მაილიანი მიიჩნევს, რომ "საერთაშორისო აღიარებამ შესაძლოა, ყარაბაღში ომის გაჩაღება აღკვეთოს".

"2008 წლის შემდეგ ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ იყენებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარების მექანიზმს კონფლიქტის სხვადასხვა ზონაში, კერძოდ, კოსოვოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის დასამყარებლად. აღიარება შესაძლოა, სიტუაციის ომში გადაზრდის შეჩერების მექანიზმად იქცეს" – თვლის ექსპერტი და დასძენს, რომ "საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საერთაშორისო ძალოვანი ცენტრი ამიერკავკასიაში სტაბილურობით არის დაინტერესებული".

"ეს სტაბილურობა ჩვენც გვჭირდება. უნდა წარმოვაჩინოთ, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება გრძელვადიან სტაბილურობასთან მიგვიყვანს, თუმცა იგი თვითმიზნად არ უნდა იქცეს," - დასძენს მაილიანი.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ "ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ე.წ. მადრიდის პრინციპებით ხელმძღვანელობა საქმეს, უდავოდ, ომის დაწყებამდე მიიყვანს".

"ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების დღევანდელი ლოგიკა ჯერ კიდევ 1991 წლის დროინდელია, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საერთაშორისო ძალოვანმა ცენტრებმა კი მხოლოდ იმ რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტეს, რომლებსაც იმ დროისთვის "მოკავშირე რესპუბლიკის" სტატუსი ჰქონდა. დანარჩენი რესპუბლიკები, მათ შორის მთიანი ყარაბაღი იგნორირებულები აღმოჩნდნენ. დღეს ძალოვანი ცენტრები ახალი რეალიების აღიარებას კი არ ცდილობენ, სიტუაციის უკან - 1991-1992 წლებისკენ დაბრუნება სურთ. ნათელია, რომ მსგავსი ლოგიკით დარეგულირების მიღწევა ძალიან ძნელია," - დასძენს ექსპერტი.