გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
მინდია გულუა: სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა?!
06/06/12 19:15

 

ქართულ პოლიტიკურ ველზე პროცესები მეტად საინტერესოდ ვითარდება, რაც უპირველესად არჩევნების მოახლოებით არის განპირობებული, თუმცა არსებობს გარემოება, რომელიც თავად მოითხოვს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას. აქ იკვეთება ორი მიმართულება: პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან ძალები, რომელთა მიზანია ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლა და დარჩენა და მეორე _ ძალა, რომელიც საკუთარ მიზანსა და მისიას ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და მთლიანად არსებული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში ხედავს.

 

თუმცა არის კიდევ ერთი და ყოვლისმომცველი ძალა _ ფული, რომელიც პოლიტიკაში არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს და, უმეტეს შემთხვევაში, პირველ ორთან თანაარსებობას არ გამორიცხავს. ფულს აქვს მიზიდულობის ძალა და ეს რომ ასეა, კარგად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში: პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მხოლოდ მისი განცხადება გახდა საკმარისი, რომ პოლიტიკოსთა და, გნებავთ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი თანამოაზრე და თანაგუნდელი გამხდარიყო. და ეს მაშინ, როდესაც ჯერ თავად ივანიშვილმაც არ იცოდა, თუ როგორ სამოქმედო გეგმას, სტრატეგიას, პროგრამას აირჩევდა.

დიდი ფული ქმნის პოლიტიკას, თუმცა ამ ფულის მფლობელები პოლიტიკაში ღიად გამოჩენას ერიდებიან. პატარა საქართველოს უახლესი ისტორია მილიარდერების პოლიტიკით სერიოზული დაინტერესების საკმარისზე მეტ ფაქტს იცნობს. ბოლო 10 წელიწადში პოლიტიკური პროცესების მართვის პრეტენზია რამდენიმე მდიდარმა ადამიანმა გამოთქვა. ბადრი პატარკაციშვილი, ბიძინა ივანიშვილი, მინდია გულუა. მათ უდავოდ აქვთ საერთო და ეს დიდი ფულია, თანაც რუსული ფული, თუმცა ესმსგავსება~ მათი პოლიტიკური მრწამსისა და მიზნის იდენტობის განმსაზღვრელი არ აღმოჩნდა.

ბადრი პატარკაციშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რუსეთში საკუთარი ბიზნესების გაყიდვა დაიწყო, რათა დაერწმუნებინა ქართული საზოგადოება, რომ მისი მოქმედება რუსეთისგან დამოუკიდებელი იყო. რუსეთში საკუთარ ბიზნესს ჰყიდის ბიძინა ივანიშვილიც და მისი მოტივიც იგივეა. ეს გარკვეულწილად იმის აღიარებაცაა, რომ რუსეთში ხელისუფლების `კეთილი ნების~ გარეშე ბიზნესი არ იქმნება.

ქართულ პოლიტიკაში მოდის რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი მდიდარი ქართველი _ მინდია გულუა. ის პოლიტიკურ პარტია `განახლებული საქართველოსთვის~ ფაქტობრივი ლიდერია და შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ამბიციური გეგმებით, კონკრეტული მიზნებითა და პრეტენზიული განაცხადით მოდის. მოტივაცია: `ამ ხელისუფლებამ არ მომცა ჩემი სიმდიდრის ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების საშუალება. უამრავი პროექტისა და გეგმის მიუხედავად, ვერ დავინახე ვერანაირი დაინტერესება ხელისუფლებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე ამ ნებართვისთვის მათთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით მიმეღწია. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას არ სჭირდება ქვეყნის ფუნდამენტური განვითარება და მხოლოდ პოპულისტური ქმედებებით გადის ფონს~ .

რა ფენომენია ქართულ პოლიტიკაში მინდია გულუა? ისიც უმდიდრესია, მასაც რუსეთში აქვს ბიზნესი და მასაც ქართული პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა სურს. სურვილი ერთია, შესაძლებლობა კი - მეორე. კითხვის ნიშნებიც სწორედ აქ ჩნდება და ლოგიკურიცაა: საქართველოში პოლიტიკაში შემოსული ფული და ფულიანები ხომ პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთს! ეს ხან კარგია, ხანაც ცუდი, გააჩნია, ვინ არის ამ ფულის პატრონი. უმეტესად კი, თუ ფულმა ოპოზიციურ ველზე გადაუხვია, მერე ხდება ხელისუფლებისთვის საშიში და მიუღებელი. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მინდია გულუას შემთხვევაშიც შეეშინდა, რადგან ბიზნესმენს ყოველგვარი მოტივაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე აუკრძალა სამშობლოში შემოსვლა. ამის მიუხედავად, მინდია გულუა საკუთარი, საკმაოდ სოლიდური რესურსით მოდის რუსეთიდან ქართულ პოლიტიკაში. აქვე მეტი სიცხადისთვის ვიტყვით, რომ იგი ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც არ უარყოფს რუსეთის პრეზიდენტთან _ ვლადიმერ პუტინთან კარგ ურთიერთობას და აპირებს კიდეც ამ ურთიერთობის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას. როგორ გამოუვა, სხვა საქმეა. თუმცა, შედეგზე რომ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. ამას კი ნამდვილად აპირებს.

იმავეს აპირებს მეორე უმდიდრესი ქართველი _ ბიძინა ივანიშვილიც. ერთი შეხედვით, მათი პოლიტიკური მიზნები ხშირად იდენტურია, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, არსობრივად განსხვავდება. შესაბამისად, ლეგიტიმური და აქტუალურია საზოგადოების ინტერესი: ვის რა უნდა, რა მიზნები აქვთ მათ ქართულ პოლიტიკაში? რა უნდა ივანიშვილს? პრაქტიკულად, ბოლო დროს, ანალიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს მეტი სალაპარაკო არც ჰქონიათ, თუმცა იმავე კონტექსტში მინდია გულუას პოლიტიკურ ამბიციებს ნაკლებად მოეძებნა ახსნა და შეფასება. იმის გამო, რომ მინდია გულუას გაურკვეველი მოტივით ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას ჩვენი სამართლადამცავები არ აძლევენ, იგი შესაბამისად მოკლებულია საზოგადოებასთან უშუალო კავშირის შესაძლებლობას, რაც პოლიტიკოსისთვის უპირატესობა ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხები საზოგადოებამდე ფრაგმენტულად, ხშირ შემთხვევაში კი, ვერც აღწევს.

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო `ივერონის~ ორგანიზებით რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს საშუალება მიეცა სკაიპ-კონფერენციის საშუალებით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი გაეცა. კონფერენცია რამდენიმე ასპექტით აღმოჩნდა საინტერესო და მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, კიდევ ერთი მილიარდერი აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკაში მოსვლაზე და ამის მიზეზებს ხსნის, მეორეც, აკეთებს რამდენიმე საინტერესო მინიშნებას პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ. მესამე, აქვს კონკრეტული შეთავაზება და ნებართვის შემთხვევაში, მზადაა რამდენიმე პროექტის დასაწყებად, თუმცა, უარის შემთხვევაში, `შემოვლითი~ გზაც ნაპოვნი აქვს და უახლოეს მომავალში პოლიტიკური პროცესების განვითარების სრულიად განსხვავებულ სცენარს გვთავაზობს. ამასთან, აქვს პრეტენზია განაცხადოს, რომ ის ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა.

მინდია გულუა: `რატომ მოდიან მილიონერები პოლიტიკაში? არ მინდა ბიძინა ივანიშვილზე ბევრი ვილაპარაკო, რადგან მის ნამოქმედარსა და მიზნებს მომავალში თვითონვე ნახავთ. ჩემზე გეტყვით, რა მინდა პოლიტიკაში. ჯერ ერთი, 19 წლიდან საზოგადოებრივ საქმიანობაში ვარ ჩართული. არასოდეს გავრიყულვარ პოლიტიკური მოვლენებისგან და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია მქონდა. სამშობლოს სიყვარული ჩემთვის პათეტიკა და ცარიელი სიტყვები არ არის. ომის დროს აფხაზეთიდან ზოგიერთებივით არსად გავქცეულვარ! მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო და თავისუფლად შემეძლო საზღვარგარეთ წავსულიყავი და უზრუნველად მეცხოვრა, იარაღს მოვკიდე ხელი და ჩემს თანამემამულეებთან ერთად ვიბრძოდი სახელმწიფოს ერთიანობისთვის. სამშობლოს სიყვარულმა სხვა ნაბიჯი არ გადამადგმევინა. ვეკითხები ყველას _ დაწყებული თქვენი მხედართმთავრიდან, დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით: სად იყავით მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომი იყო და თქვენს სამშობლოს უჭირდა? სად იყო ბიძინა ივანიშვილი, რას აკეთებდა? მილიარდებს აგროვებდა? კი, ბატონო, მოეგროვებინა, მაგრამ ერთი ტომარა ფქვილი მაინც გამოეგზავნა საკუთარი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ხშირად მშივრები იბრძოდნენ. სააკაშვილზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. რა უნდა მინდია გულუას პოლიტიკაში? დიდი ხანი ვუცადე ჩვენს ხელისუფლებას, იქნებ რაიმე სასიკეთო გაეკეთებინა ქვეყნისთვის, მაგრამ სულ ტყუილად. ვეცადე დამერწმუნებინა ეს ხელისუფლება, ჩემი შესაძლებლობები ქვეყნის სასიკეთოდ გამომეყენებინა. მათ ვუთხარი, რომ არ ჩავერევი პოლიტიკაში, მაგრამ მომეცით უფლება დავეხმარო სოფლის მეურნეობას, ავაშენო ქარხნები, გადამმუშავებელი საწარმოები, ჩაის ფაბრიკა, შევისყიდო და გავარემონტო სტადიონი და . ., მაგრამ არაფრის უფლება არ მომცეს. გასაქანს არ მაძლევენ. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი და თავი ვალდებულადაც მივიჩნიე, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შევცვალო და თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, რატომ უნდა ვთქვა უარი? ამჟამად კონკრეტული მიზნები მაქვს და სწორედ მათი რეალიზაციისთვის მოვდივარ პოლიტიკაში. პირველი: საქართველოში უნდა აღდგეს კანონის უზენაესობა, მეორე: უახლოეს მეზობლებთან გვქონდეს კეთილმეზობლური დამოკიდებულება და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. დიალოგით უნდა მივაღწიოთ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას და ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ისტორიული მაგალითი გვიდევს წინ: სადაც რუსის ჯარი შევიდა, ბოლომდე არსად დარჩენილა. ყველა ქვეყნიდან გამოვიდა და საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება, მაგრამ ამ საკითხს გონივრული და საფუძვლიანი მიდგომა სჭირდება. მესამე: მინდა, ჩემი ხალხი, რომელიც დღეს უმუშევარია, დავასაქმო, არა 100-200 ათასი კაცი, არამედ მთელი საქართველო, მინდა უკან დაბრუნდნენ ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად წასული ადამიანები. მათ მივმართავ: ცოტაც მოითმინეთ, რადგან მე რომ საქართველოში დავბრუნდები, მათაც დავაბრუნებ სამშობლოში და საქართველოში ნამდვილად იქნება 5 მილიონი ქართველი. მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება და წარმატება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობით, მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით უნდა დაიწყოს. დღეს კი ჩვენს მოქალაქეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. მათ მძიმე ტვირთად აწევთ უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები, რასაც ვერგასტუმრებული კრედიტებიც ემატება. ბანკიდან ვალი 200 ათასზე მეტ ადამიანს აქვს აღებული, სანაცვლოდ კი, სულ რაღაც 10, 20 30 ათასად ბინები აქვთ ჩადებული და ახლა ვალის გადაუხდელობის გამო მათ ამ ბინებიდან გარეთ ჰყრიან... მე ამ ხალხს ვპირდები, რომ ხელისუფლებაში ჩემი მოსვლის შემთხვევაში, პირადად შემოვიტან საქართველოში 2 მილიარდ დოლარს 2-3 პროცენტად. 5 პროცენტად მივცემ მათ ამ ფულს, შევუჩერებ ყველა ვალს, არ გადავახდევინებ მანამ, ვიდრე არ დავასაქმებ და არ ვაშოვნინებ ფულს, მერე კი ისინი თანდათანობით გადაიხდიან არა 15-20 პროცენტს, არამედ წლიურად 5 პროცენტს. ეს იქნება ჩემი დახმარება ქართველი ხალხისადმი~ .

ხელისუფლებაში მოსვლამდე კი არცთუ დიდი, მაგრამ მეტად რთული პოლიტიკური გზაა გასავლელი. წინ არჩევნებია, მინდია გულუას კი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალებას (ქვეყანაში შემოსვლის უფლებას) ჩვენი სამართალდამცავები არ აძლევენ.

მინდია გულუა: `მათ საკუთარი კლანი აქვთ ჩამოყალიბებული. დღეს მერაბიშვილის, ადეიშვილის, ახალაიების კლანი მართავს ქვეყანას და ამის შეცვლა ვერც კი წარმოუდგენიათ. შესაბამისად, მინდია გულუა და მისი მიზნები მათ გეგმებში არ თავსდება. მე ქვეყნის გაერთიანება მსურს, რაც, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების ინტერესებში ნაკლებად შედის. კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გარდა ალტერნატივა არ არსებობს. უკვე ვნახეთ, რა დღეში ჩააგდო ომმა სახელმწიფო. 10 წელიწადია ჩვენი დევნილებისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ საცხოვრებელი დაუკანონეს. უთხრეს _ იცხოვრეთ და როგორც გინდათ, ისე იარსებეთო. პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ხელისუფლებას ჩვენი დევნილების შინ დაბრუნების საკითხი და მათი პრობლემები არ აინტერესებს! ეს ჩემთვის მიუღებელია და ამ საკითხში მათთან ვერასოდეს შევთანხმდები. ხელისუფლებას შევთავაზე, რომ ლტოლვილებისთვის კოტეჯებს ავაშენებდი და ამ საქმეში 100 მილიონს ჩავდებდი. მინდოდა მათთვის 2 ათასი სახლი გადამეცა, მაგრამ ამაზეც უარი მითხრეს. მოტივი და მიზეზი ჩემთვის გაუგებარია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ვამბობ, პირიქით, ეს საცხოვრებლები ამ ადამიანებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების შემდეგაც დარჩებოდათ საკუთრებაში. დაბრუნებამდე კი ღირსეულად იცხოვრებდნენ. დევნილები ტვირთად არ უნდა აწვეს ქვეყანას”.

არჩევნების წინა პერიოდი მკვეთრი დაპირისპირებებითა და მოულოდნელობებით იკვეთება. შესაბამისად, აქ არსებული ვითარების შეფასება და მით უმეტეს, პროგნოზირება ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება, თუმცა ვარაუდების საფუძველი, როგორც ჩანს, მაინც არსებობს და მინდია გულუასაც სკაიპ-კონფერენციისას პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით მინიშნებები არ დაუშურებია. მართალია, ბიზნესმენი კარტს ბოლომდე არ ხსნის, თუმცა რამდენიმე საკითხზე აქცენტებს მაინც აკეთებს. მისი თქმით, პოლიტიკური კოალიცია `ქართულ ოცნებას~ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბრძოლას ბოლოდე მიიყვანს და არჩევნებამდე საქართველოს არ დატოვებს. მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე `ქართულ ოცნებაში~ არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

მინდია გულუა: `თქვენ უახლოეს ხანებში, დაახლოებით აგვისტოს ბოლოსთვის, ნახავთ, რომ `ქართულ ოცნებაში~ რაღაცეები შეიცვლება და ზოგიერთისთვის ოცნება ოცნებად დარჩება. ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი 0,5 პროცენტია. ბიძინა ივანიშვილი ხმამაღლა აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა სურს, თუმცა მისი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს. მან გვერდით სწორედ ის ხალხი დაიყენა, ვინც თავის დროზე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ კოალიციასაც და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც `დემოკრატიული მოძრაობის~ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ეშინიათ და ეს ფაქტი მაკვირვებს. `ქართული ოცნების~ შიგნით იციან, რომ პოლიტიკური სცენარი მათი გეგმების მიხედვით არ ვითარდება და ამიტომაც სათადარიგო ვარიანტებს განიხილავენ. კოალიციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკურ პარტია `განახლებულ საქართველოსთანაც~ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პოლიტიკურ პროცესებში უკვე ღიად ჩართული მინდია გულუა, მიუხედავად იმისა, რომ მას ქვეყანაში ჩამოსვლისა და პარტიული საქმიანობის პირადად წარმართვის საშუალება არ ეძლევა, მაინც იმედოვნებს, რომ ამომრჩევლამდე საკუთარ სათქმელს მიიტანს და შესაბამისად მათ მხარდაჭერასაც მოიპოვებს.

მინდია გულუა: `მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც უფლება არ მაქვს რეალურად პირდაპირ დავეხმარო ადამიანებს, ქვეყანას... ამას მოსყიდვად გვითვლიან. თუმცა მოვნახე ალტერნატიული გზა, შევქმენი საერთაშორისო ფონდი, რომელიც საზღვარგარეთ დავარეგისტრირე. ფონდში ფინანსების მართვას უცხოელები განახორციელებენ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ფონდი არ შექმნილა მხოლოდ დევნილთა დასახმარებლად, იგი იქმნება ქართველებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან უჭირთ. ამ ფონდს მერაბიშვილის გრძელი ხელები ვერ მისწვდება _ ვერც ის და ვერც არსებული ხელისუფლება ფონდის ანგარიშს საზღვარგარეთ ვერ დააყადაღებენ. გპირდებით, რომ არჩევნებამდე ასობით ოჯახი საკუთარი სახლ-კარის მესაკუთრე გახდება. გარდა ამისა, ექნებათ საკუთარი მეურნეობა, ეყოლებათ პირუტყვი და ფონდიდან ფულად დახმარებასაც მიიღებენ. ქვეყნის მომავალზე სახელმწიფო არ ფიქრობს. ამიტომ გადავწყვიტე შევქმნათ იდეის ბანკი. ჩვენი მოქალაქეებისგან მივიღებთ ბიზნეს-იდეებს და ამ იდეებზე უპროცენტო კრედიტებს გავცემთ”.

მოკლედ, პოლიტიკური პარტია `განახლებული საქართველოსთვის~ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა ქართულ პოლიტიკაშია და, როგორც ჩანს, დიდი იმედიც აქვს, რომ ქვეყანაში ვითარება მალე რადიკალურად შეიცვლება! მისი თქმით, უახლოეს ხანებში ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, რომ ის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში!

თეა ქარელი