გამოკითხვა
თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
არქივი
სიახლეების გამოწერა
გიორგი თოფურია: "მივმართავ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თითოეულ წევრს, ნუ გამრევთ თქვენს ბინძურ დაპირისპირებაში"
22/02/12 20:20
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინსტიტუტის" თავმჯდომარე გიორგი თოფურია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფს. როგორც "ივერონს" ფაქტის კომენტირებისას თოფურიამ განუცხადა, იგი ინციდენტის დროს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ვაკის ოფისში იმყოფებოდა, რასაც 20-მდე ახალგაზრდა დაადასტურებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლის მონაწილე არ გახლდით. შეურაცხყოფილი ვარ ანონიმის ცილისწამებით. მინდა, განვაცხადო, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი არ ვარ. ჩხუბის ფაქტის შესახებ ინფორმაციამ ჩემამდე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოაღწია. ამასთან, მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, თუ ვინმეს რაიმე ამბიცია აქვს, საკუთარი შესაძლებლობები საქმეში გამოიყენოს და არა ინტრიგებში. თხოვნით მივმართავ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თითოეულ წარმომადგენელს, ნუ გამრევთ თქვენს ბინძურ დაპირისპირებაში", - განუცხადა "ივერონს" თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ივერონმა" გაავრცელა ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრთა დაპირისპირების თაობაზე.

"რამდენიმე დღის წინ "მშვიდობის ხიდთან" ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი თოფურიამ და მისმა მეგობრებმა თანაგუნდელი გიორგი აფხაიძე ცემეს. ამ უკანასკნელს თვალზე სილურჯე ახლაც ეტყობა" – განუცხადა "ივერონს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დაპირისპირება თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას უკავშირდება.

"ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის პრეს-სპიკერმა, პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაია ფანჯიკიძემ განგვიცხადა, ახალგაზრდულის ლიდერს არ დაგინიშნავთ, თავად შეარჩიეთო და დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. პიკზეა დაპირისპირება საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ცოტნე ზურაბიანსა და დათო ფაცაციას შორის, ამ უკანასკნელს კი ზურგს მისი მეგობრები მიშა მესხი და ლევან ჩიტაძე უმაგრებენ, რომლებიც ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატებად განიხილებიან. ცოტნე ზურაბიანი თვითგამოცხადებული ლიდერია და ცდილობს, ახალგაზრდული ფრთა საკუთარი კადრებით შეავსოს. სხვები ამას ეწინააღმდეგებიან. ეს მდგომარეობა უკვე 2 თვეა, გრძელდება", - აღნიშნა "ივერონის" წყარომ.

მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის პოსტზე ასევე დაჩი ცაგურიას კანდიდატურა განიხილება, თუმცა მას თანაგუნდელების მხარდაჭერა ფაქტობრივად არ აქვს.

"ზურაბიანის კანდიდატურას პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი ლობირებს, ჩიტაძესა და ფაცაციას – ადვოკატი ეკა ბესელია და პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი სესიაშვილი, დაჩი ცაგურიას – "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის "დედოფლად" მოიხსენიებენ" – აღნიშნა ახალგაზრდული ორგანიზაციის ანონიმმა წევრმა.

გვანცა ფიფია

საინფორმაციო სააგენტო "ივერონი".