18/06/12 18:51
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის დეტალებთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრაზე ისაუბრებს.
ამის შესახებ ნიკა ვაჩეიშვილმა "ივერონს" პატრიარქის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინათ გავრცელებული ბრძანების კომენტირებისას განუცხადა.
"იმ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც საპატრიარქოს პრეტენზიები აქვს, აუცილებლად ვისაუბრებთ. ხვალ საპატრიარქოს ექსპერტებსა და მეუფეებს ვხვდები და ასევე იმედი მაქვს რომ ხვალვე პატრიარქთან ჩემი შეხვედრა შედგება და პროექტსაც შევაჯერებთ",- განუცხადა "ივერონს" ნიკა ვაჩეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ ცოტა ხნის წინათ კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბრძანება ოფიციალურად გაავრცელა. დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ვინაიდან მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ძეგლის, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით, ვბრძანებ:
1. ა.წ. 18 ივნისიდან დროებით შეჩერდეს ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე თვითნებური სარესტავრაციო სამუშაოები;
2. დაევალოს ადგილობრივ მღვდელმთავარს, ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტიშვილი), საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე;
3. ეთხოვოს ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.
4. დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს, განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნულ სამუშაოებზე.
5. ბრძანების შესრულებაზე ზოგადი კონტროლი განახორციელოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)", - წერია პატრიარქის ბრძანებაში.




